ვებ დეველოპმენტი

როგორ შევქმნათ React-ის ახალი აპლიკაცია

1 min read დავითი ჭყოიძე
როგორ შევქმნათ React-ის ახალი აპლიკაცია

ბევრი თქვენგანი ალბათ დიდი ხანია შემდეგნაირად ქმნიდით React-ის ახალ აპლიკაციას:


npx create-react-app my-app
cd my-app
npm start

სამწუხაროდ, ეს მეთოდი ახლა აღარ მუშაობს. თუ ოფიციალურ React ვებგვერდს ეწვევით, ნახავთ შემდეგ რეკომენდაციას: "თუ გსურთ შექმნათ ახალი აპლიკაცია React-ზე, გირჩევთ გამოიყენოთ ფრეიმვორკი."

მაგრამ, იქნებ არ გსურთ ფრეიმვორკის გამოყენება? იქნებ რეაქტი მხოლოდ რამდენიმე კომპონენტის client side rendering-ისთვის გჭირდებათ მონოლითურ აპლიკაციაში? შესაძლოა, უბრალოდ გიყვართ აპლიკაციის ნულიდან შექმნა და არ გსურთ ფრეიმვორთან დაკავშირებულ ხელსაწყოებთან მუშაობა (რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ფასიანიც იყოს. თან ისე ჩანს, თითქოს რეაქტის გუნდი Next.js-სა და Vercel-ის პროდუქტებს ზედმეტად ადვოკატირებს) ?

გამოსავალი ე.წ. Build Tool-ების გამოყენებაა.

React-ის გუნდისგან განსხვავებით, მე Vite-ს გავუწევ რეკომენდაციას, რადგან ის ყველაზე მარტივი ხელსაწყოა და ეფექტურად ასრულებს საქმეს. Vite გუნდი უწყვეტად მუშაობს ბილდის ზომის შემცირებაზე , dev სერვერის სიჩქარის გაუმჯობესებაზე, და ზოგადად, ხელსაწყოს დახვეწაზე. ახლა კი ვნახოთ, როგორ შეგვიძლია შევქმნათ ახალი React აპლიკაცია Vite-ის გამოყენებით:

React აპლიკაციის შექმნის ეტაპები:

 

1. გადადით იმ დირექტორიაში, სადაც გეგმავთ თქვენი პროექტის შენახვას:


cd ~/Projects

2. დაიწყეთ React აპლიკაციის აწყობა vite-თი:


npm create vite@latest

3. მიჰყევით ინსტრუქციებს. პირველ რიგში, ტერმინალში დაინახავთ პრომპტს, რომელიც მოგთხოვთ აპლიკაციის სახელის მითითებას და ახალი საქაღალდე სწორედ ამ სახელით შეიქმნება. შემდეგ თქვენ უნდა აირჩიოთ ფრეიმვორკი - ამ შემთხვევაში ეს იქნება React.

4. შემდეგ აირჩევთ ვარიანტს. შესაძლო ვარიანტებია:

  • TypeScript
  • TypeScript + SWC
  • JavaScript
  • JavaScript + SWC
  • React Router v7

5. ტერმინალში გამოჩნდება პრომპტი - გსურთ თუ არა Git-ის ახალი რეპოზიტორიის შექმნა. ბოლოს კი - გსურთ თუ არა npm-ის გამოყენება. როცა ყველა npm dependency დაინსტალირდება, შეგიძლიათ გადახვიდეთ ახლად შექმნილი პროექტის საქაღალდეში და გაუშვათ dev სერვერი:


cd [your-app-dir]
npm run dev

სულ ეს არის! თქვენი ახალი React აპლიკაცია მზაა.


Share article